
ლონდონში სამიტის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ესაუბრა ბალტიის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც შეხვედრაში არ მონაწილეობენ.
ბრიტანული მედიის ცნობით, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ლიდერები უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ისინი შეხვედრაზე არ მიიწვიეს. ლონდონში თავდაცვის სამიტის დაწყებამდე მათ კირ სტარმერი დისტანციურად ესაუბრა.
როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, ასტა სკაისგირიტემ ლიეტუვურ რადიოს განუცხადა, რომ სტარმემა ბალტიის ქვეყნებთან საუბარი ამის გამო ბოდიშის მოხდით დაიწყო და აღნიშნა, რომ „შემდეგში მსგავსი რამ თავიდან იქნება აცილებული“.
საუბრისას სტარმერმა ბალტიის სამი ქვეყნის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ზელენსკისთან, ტრამპთან და მაკრონთან თავისი ბოლო სატელეფონო საუბრების დეტალების შესახებ.
„ყველა მათგანი თანხმდება, რომ ევროპა უნდა გაერთიანდეს და მიიღოს სასწრაფო ზომები საუკეთესო შედეგისთვის, რომელსაც ექნება სასიცოცხლო მნიშვნელობა ევროპის უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კი კირ სტარმერთან საუბრის შემდეგ დაწერა, რომ აშშ და უკრაინა უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელებთან ერთად.
„მქონდა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და სხვა ბალტიელ ლიდერებთან. ჩემი დასკვნები: ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირების შესანარაჩუნებლად; აშშ და უკრაინა უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელებთან ერთად; ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი. ევროპული სამშვიდობო აღსრულება – უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ელემენტია“, – დაწერა ნაუსედამ.
მოგვიანებით, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ დაწერა, რომ მნიშვნელოვანია, ბალტიის სახელმწიფოები იყვნენ ჩართული ტრანსლატანტიკური კავშირებისა და ევროპის დაცვის გაძლიერებასთან ერთად.
0
0