22/11/2023
11:35
მსოფლიო
„მივესალმები შეთანხმების მიღწევას, რომელიც, 7 ოქტომბერს, ისრაელზე სასტიკი თავდასხმის დროს ტერორისტული დაჯგუფება ,,ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებას უზრუნველყოფს.
„ამ მრავალი კვირის განმავლობაში, ყველა მძევალი და მათი ახლობლები ჩემი და ჯილის გულებში არიან. უზომოდ მოხარული ვარ, რომ ზოგიერთი მამაცი ადანიანი, რომელმაც, რამდენიმე კვირის მანძილზე, ტყვეობით გამოწვეული ტანჯვა და ენით აუწერელი განსაცდელი გადაიტანა, კვლავ შეხვდება თავის ოჯახს, როგორც კი ეს გარიგება სრულად განხორციელდება.
„მადლობას ვუხდი ყატარის შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისის ლიდერობისა და პარტნიორობისთვის, რათა კონფლიქტურ მხარებს შორის აღნიშნული შეთანხმება მიღწეულიყო.
ვაფასებ იმ ვალდებულებას, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ და მისმა მთავრობამ ჰუმანიტარული პაუზის მხარდასაჭერად საკუთარ თავზე აიღეს, რათა უზრუნველყონ ამ შეთანხმების სრულად განხორციელება და ღაზაში დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა უდანაშაულო პალესტინელი ოჯახების ტანჯვის შესამსუბუქებლად. მოუთმენლად ველი ამ ლიდერებთან საუბარს და აქტიურ კონტაქტს, რადგან ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს შეთანხმება სრულად ამოქმედდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმების ყველა ასპექტი სრულად განხორციელდეს. როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს იმაზე უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომაც - „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის პირველივე მომენტიდან მე და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად.
ასევე, დღევანდელი შეთანხმების შედეგი ამერიკელი მძევლების სახლში დაბრუნება უნდა იყოს და მე არ გავჩერდები, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან. დღევანდელი შეთანხმება დაუღალავი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგს და შეერთებული შტატების მთავრობაში მრავალი თავდადებული პიროვნების გადაწყვეტილებას ადასტურებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
0
0