20/11/2024
11:06
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემას დათანხმდა, რაც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯარების წინსვლის შენელებას. აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე აღნიშნული ტიპის ნაღმები მალე განლაგდება. უკრაინა კი პირობას დებს, რომ ნაღმებს მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში არ გამოიყენებს.
ნაღმები, რომელთა დეაქტივაცია გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება, დამზადებულია რუსული სახმელეთო ჯარების წინსვლის შესაჩერებლად და ისინი მოსახლეობისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს.
კიევში აშშ-ის საელჩო მას შემდეგ დაიხურა, რაც 20 ნოემბერს პოტენციური საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მიიღო. აშშ-ის მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ, საჰაერო განგაშის შემთხვევაში, თავშესაფრისთვის მოემზადონ.
როგორც BBC-ი წერს, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების წინ, უკრაინაში ნაღმების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის ნაწილია. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანკის რეგიონში სამიზნეებს ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით [ATACMS] დაარტყეს. რუსეთი ამტკიცებდა, რომ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა პირველადი ინფორმაციით, უკრაინამ უფრო მეტი რაკეტა ისროლა, ვიდრე ჩამოაგდო. რუსეთმა შურისძიების პირობა დადო, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი კი აშშ-ის კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს.
0
0