
ბადრი ესებუას გუშინ წარდგენილ ახალ ბრალზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა აღარ შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ესებუა უკვე პატიმრობაშია, მისი მხრიდან ხელახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხე არ არსებობს და შესაბამისად, ჩათვალა, რომ უკვე პატიმრობაში მყოფი პირისთვის ხელახლა პატიმრობის გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს.
თავად ესებუა პროცესს დისტანციურად ჩაერთო, რადგან ის ბათუმის ციხეშია გადაყვანილი. მან დღევანდელ პროცესზე სკაიპით ჩართვა გააპროტესტა და სხდომაზე უშუალო დასწრება მოითხოვა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2023 წლის 30 მარტს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ბადრი ესებუას გუშინ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციითვე, ესებუას თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა.
ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბადრი ესებუა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
0
0