
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ბადრი ესებუას ფსიქიატრიულში ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.
ბადრი ესებუას ფსიქიატრიულში გადაყვანა ექსპერტიზისთვის პროკურატურამ მოითხოვა, ესებუა კი ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას ესებუას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანა მისი დისკრედიტაციისთვის უნდა.
„სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე ვშუამდგომლობთ, რომ ბადრი ტარიელის ძე ესებუა დაბადებული 1988 წლის 22 დეკემბერს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად 20 დღის ვადით მოთავსებული იქნეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. აუცილებელია და მნიშვნელოვანია დადგინდეს ბრალდებული ფსიქიკური მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის მომენტში“, - თქვა პროკურორმა სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს.
სამართალდამცველთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.
ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025