
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ, 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
დაკავებულის ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, სხდომას ბრალდებული დაესწრება.
,,გავაგრძელებთ იმ მთავარ სხდომას, რაც დაწყებულია. სასამართლო ბანკის ძარცვის ფაქტზე იმსჯელებს. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. ბრალდებული სხდომას დაესწრება , რადგან ეს მისი მოთხოვნაა,“- აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0
0