08/05/2023
20:03
სამართალი
„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას მშობლებმა ჩვენება შეცვალეს და დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს მათი შვილი მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა.
ესებუას დედის ინფორმაციით, ბადრი მამას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, რასაც მისივე თქმით, ოჯახის სხვა წევრებიც დაადასტურებენ.
ამასთან, როგორც მშობლებმა აღნიშნეს, ბადრი ესებუა სახლიდან 23 ოქტომბერს, ნაშუადღევს გავიდა და სამკურნალოდ თბილისში წავიდა. ამ დღიდან დაკავების დღემდე შვილი არ უნახავთ.
პროკურორმა მირანდა წერეთელმა კი სხდომაზე გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება წაიკითხა, რომლის თანახმად, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულის დედა წერს, რომ ბადრი ესებუა სახლიდან 2020 წლის 21 ოქტომბერს გავიდა და დაიბარა, რომ სამკურნალოდ თბილისში მიდიოდა, გასამგზავრებელი ფული კი მას ძმამ, ბიძინამ მისცა.
ამავე ჩვენების თანახმად, ესებუა სახლში 23 ოქტომბერს, დღის საათებში დაბრუნდა, მაისური გამოიცვალა, საძილე ტომარა წაიღო და სახლი დატოვა.
ჩვენებებს შორის უზუსტობასთან დაკავშირებით ესებუას მშობლებმა განაცხადეს, რომ ჩვენებას ხელი წაუკითხავად მოაწერეს. როგორც ესებუას დედამ აღნიშნა, ჩხრეკის ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ არ წაუკითხავს, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0
0