03/02/2022
16:51
ბადაგონი
ალავერდში სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობის დაწყების სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიება გაიმართა. სიმბოლური კაფსულა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ ჩაუშვეს.
სასტუმროს მშენებლობაში კომპანია“ ბადაგონი“ 14 მილიონი ლარის ინცესტიციას გეგმავს.
სასტუმროს 32 ნომერი, Alaverdi Resort-ს წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტიორის მიღების შესაძლებლობას მისცემს. მასში დასაქმდება 80 ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც იქნება ადგილობრივი მოსახლე. Alaverdi Resort - ის მომსახურება გათვლილია, როგორც საერთაშორისო ვიზიტიორებზე, ასევე საქართველოს მოქალაქეებზე. სასტუმროში იქნება განთავსებული აუზი, ბარები და რესტორანი.
Alaverdi Resort -ის 200 მეტრის რადიუსში განლაგებულია, ალავერდის წმიდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ტერიტორიაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქვევრის ღვინის მარანი და სიძველეთსაცავის მუზეუმია. აქვეა, ალავერდის ჭალა და “ბადაგონის“ ქართული ღვინის და ქართული კერძების ცენტრი.
Alaverdi Resort- ი სასტუმროს პროექტის ავტორია არქიტექტორი ზვიად სურგულაძე.
ღონისძიებას, რომელიც ალავერდში გაიმართა, ვიცე-პრემიერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, პარლმენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ვიცე პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გოგი სალაყაიამ, მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულა ჩადეს,რითაც, საფუძველი ჩაეყარა სასტუმრო- Alaverdi Resort-ის მშენებლობის დაწყებას.
„ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარებისა, კახეთის რეგიონში მორიგი, ძალიან ღირებული ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ინვესტორებს, ბიზნესმენებს აქვთ სურვილი, რომ დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ, თან ისეთ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა პანდემიის პირობებში. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ეს ინვესტიცია, რომელიც 2022 წლის დასაწყისში ხორციელდება და არის გამოხმაურება ეკონომიკის აღდგენის იმ ტემპის, რომელიც საქართველომ 2021 წელს აჩვენა. ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველო ვითარდება; ვითარდება, ერთი მხრივ, იმ კუთხით, რომ იზრდება ეკონომიკა და, მეორე მხრივ, ვუფრთხილდებით ჩვენ ღირებულებებს, ტრადიციებსა და ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას. „Alaverdi Resort“ იქნება ზუსტად ამის მაჩვენებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი კახეთის რეგიონში და განვითარების დამატებით მუხტს შემოიტანს რეგიონში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„ბადაგონის“ დამფუძნებელი გოგი სალაყაია, ალავერდში ამ პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის ბადაგონისა და ალავერდის ეპარქიის 16-წლიანი ურთიერთობის თანმიმდევრული გაგრძელება, რომელიც ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს.
„2023 წელს ამ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი პრემიუმ სასტუმრო, რომელიც იქნება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი განსაკუთრებით იმით, რომ ეს არის თანმიმდევრული გაგრძელება, რომელიც მეუფე დავითის აბბა ალავერდელის შთაგონებით იქნა შექმნილი, ეს არის „ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ და ორი დედაქალაქის ისტორია, რომელიც ალავერდის გავლით აკავშირებს ორ დედაქალაქს - თბილისსა და მცხეთას. ამ სასტუმროს მშენებლობა კი არის შეჯამება იმ 16-წლიანი განვლილი გზისა და ამავდროულად, ეს არის ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლო. პირველი ეტაპი გულისხმობდა ბადაგონის გაძლიერებას და ეპარქიის მოწესრიგებას, და კეთილმოწყობას, ორივე ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა. ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე მოხდა მე-11 საუკუნის მარნის რეკონსტრუქცია, აშენდა ჩვენს მიერ სიძველეთსაცავი მუზეუმი, მალე ფუნქციონირებას დაიწყებს იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია, ასევე წელს არის დაგეგმილი ჩვენს მიერ შუამთის ტურისტული კარიბჭის ამოქმედება, ალავერდის მიმდებარედ აშენებულია ქართული ღვინისა და კერძების კომპლექსი „მაწვნის სახლი“, იგივე „ბადაგონის სახლი“… და რაც ყველაზე მთავარია, ამ პატარა პერიმეტრის შუაგულში არის ჩვენი ქვეყნის სიწმინდე, სულიერებისა და კულტურის, რწმენის საუნჯე ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. ამ ყველაფერს კი დაამშვენებს ნიჭიერი ახალგაზრდა არქიტექტორის, ზვიად სურგულაძის მიერ შექმნული ტექნოლოგიური და ესთეტიკური სასტუმროს პროექტი, ამასთან ერთად კიდევ უფრო განვითარდება ალავერდის ეპარქიის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი გზები, ხიდები, ეკოლოგიურად მეგობრული ტრანსპორტის ბილიკები, სწრაფი და ფართოზოლიანი ინტერნეტი. ყველაფერი ეს იქნება თანმხლები სიკეთე, რომელიც ათასობით პილიგრიმს თუ მოგზაურს მისცემს მცხეთის, თბილისის, ალავერდის და ამ „ოქროს გზაზე“ განლაგებული ასობით კულტურული და რელიგიური ძეგლის მონახულების საშუალებას“, - განაცხადა გოგი სალაყაიამ.
სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე კომპანია „ბადაგონის“ საწარმო დაათვალიერეს და 2010 წლის მოსავლის ექსკლუზიური ღვინო „საფერავი რეზერვი“ დააგემოვნეს. დეგუსტაციას კომპანიის ენოლოგი, დოქტორი დონატო ლანატი უძღვებოდა.
პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობა 2022 წლის თებერვალში დიწყება, ექსპლუატაციაში შესვლა კი, 2023 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.
0
0