02/05/2023
12:28
სამართალი
პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ „არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“.
ამასთან, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შუბითიძე გამოძიების პერიოდში ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა.
„მან [სერგო შუბითიძემ] აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოხდება, რასაც „შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“.
0
0