
2 აგვისტოდან აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია „ინდიგო“ (IndiGo) თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ პირდაპირ რეგულარულ რეისებს მუმბაიდან შეასრულებს.
მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული. ჯამურად, ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ათი სიხშირით შესრულდება. აქამდე ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს დელი-თბილისი-დელის მიმართულებით ყოველდღიურად ასრულებდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნესსა და კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
„2 აგვისტოდან ინდოეთის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მუმბაიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით. დელის შემდეგ, ეს მეორე პირდაპირი საჰაერო კავშირია ინდოეთთან. მუმბაი ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, ხოლო ამ მიმართულების ამოქმედება ცალსახად გააძლიერებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს. გადაწყვეტილება ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს. შედეგად, საქართველო-ინდოეთს შორის კვირაში უკვე ათი პირდაპირი ფრენა განხორციელდება“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი სააჰერო გზით 56 241 მგზავრი ჩამოვიდა. 2024 წლის, იმავე პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის 123-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. აზიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 2024 წელს 112 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. IndiGo ამ ეტაპზე 400-მდე ავიახომალდს ფლობს.
0
0