-share.jpg)
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ანკლავის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს.
რუბენ ვარდანიანი 27 სექტემბერს აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს, როდესაც ის სომხეთში გამგზავრებას ცდილობდა.
ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ მთავრობას 2022 წლის ნოემბრიდან თებერვლამდე ხელმძღვანელობდა.
როგორც ვარდანიანის მეუღლემ, ვერონიკა ზონაბენდმა განაცხადა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გაქცევის მცდელობისას დააკავეს. ვერონიკა ზონაბენდი მეუღლის უსაფრთხო გათავისუფლებას ითხოვს.
„10-თვიანი ბლოკადის განმავლობაში, რუბენი არცახის მოსახლეობასთან იდგა და გადარჩენისთვის ბრძოლაში მათთან ერთად იტანჯებოდა“, - თქვა ვერონიკა ზონაბენდმა.
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ რუბენ ვარდანიანი ქვეყნის დედაქალაქ ბაქოში გადაიყვანეს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გადასცეს.
მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული და 30 წლის განმავლობაში მას ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ.
როგორც BBC-ი წერს, ახალი ძალადობის შიში მაშინ გაჩნდა, როდესაც აზერბაიჯანმა, 2022 წლის დეკემბერში, სადავო ანკლავის სასიცოცხლო მნიშვნელობის მარშრუტზე ბლოკადა დააწესა. 2023 წლის 20 სექტემბერს, ცეცხლის შეწყვეტამ 24-საათიანი ბრძოლა დაასრულა. აზერბაიჯანისა და ყარაბაღის ხელისუფლებამ სეპარატისტული ანკლავის აზერბაიჯანთან ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა რეგიონში მცხოვრებ 120 000 ეთნიკურ სომეხს შორის ბევრი შიშობს, რომ „მათ არ ექნებათ მომავალი მთიან ყარაბაღში“. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში „ეთნიკური წმენდა“ დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სულ 47,115-მა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.
მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების განცხადებით, გასულ კვირას მიმდინარე ბრძოლებში, მინიმუმ, 200 ადამიანი დაიღუპა, ხოლო აზერბაიჯანის მტკიცებით, კონფლიქტს 192 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
0
0