
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან მშვიდობა მხოლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„თუ სომხეთი დაასრულებს თავის ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და შეიტანს ცვლილებებს კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, მაშინ მშვიდობა შეიძლება მიღწეული იყოს“ - აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, სომხეთის პრეტენზიები აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში ეფუძნება ისეთ საკითხებს, როგორიცაა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარება, ყარაბაღის აზერბაიჯანისგან გამოყოფა.
ამასთან, ალიევმა დასძინა, რომ ქვეყნებს შორის უკვე დე ფაქტო მშვიდობაა და „რამდენიმე თვეა მათ საზღვარზე მშვიდობიანი ვითარება სუფევს“.
„მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება“, - აღნიშნა მან.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ და ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია სომხეთის კონსტიტუციაშიც.
გარდა ამისა, სომხეთის სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში ასევე არის ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, ბევრ კონვენციაში, რომელსაც შეუერთდა სომხეთი და სხვა დოკუმენტებში არის მრავალი დათქმა, რომელიც არ ცნობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს ყარაბაღზე“, - განაცხადა მან.
0
0