
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ორწლიანი მუშაობა „ფეისბუქპოსტით“ შეაჯამა.ზურაბ აზარაშვილი ხაზს უსვამს სისტემაში „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების“ არსებობას და აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, მან „გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება“ შეძლო.
“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ესაუბრა:
“იცით, არ მიყვარს ჩემი კოლეგების შეფასება. სჯობს, ეს დარგის სხვა ექსპერტებმა და საზოგადოებამ გააკეთოს, მაგრამ ალბათ, მის ადგილზე ცოტა უფრო მოზომილი და მოკრძალებული ვიქნებოდი. ვფიქრობ, ბატონი ზურაბ აზარაშვილი გარკვეული ემოციების ქვეშ არის, ემოციურ ფონზე გააკეთა აღნიშნული განცხადება. ჯანდაცვა ისეთი სფეროა, სადაც გადაუჭრელი პრობლემები არამხოლოდ საქართველოში, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი არის. როგორ შეიძლება 30 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები 1 და 2 წელში გადაჭრას? ასეთი ჯადოსნური ჯოხი თუ ვინმეს აქვს, მხოლოდ ვინატრებდით ამას. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა არასწორი და უმადური დამოკიდებულებაა იმ ადამიანებისა და სამედიცინო საზოგადოების მიმართ, რომლებიც დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში შრომობენ, მათ შორის ყველაზე უფრო რთულ პერიოდებში, იქნებოდა ეს კონფლიქტები თუ ომები, სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობები, უკიდურესი ეკონომიკური და სოციალური გაჭირვებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევების დროს. ასევე, არაკოლეგიალური მიდგომა და გამონათქვამია იმ ადამიანებისა და გუნდების მისამართით, რომლებიც ამ პერიოდებში ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდნენ. გახსოვთ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში როგორი სირთულეები იყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე ხედავთ, როგორი არის დღევანდელი. სერიოზული განვითარებაა როგორც ქვეყანაში ისე ჯანდაცვის სისტემაში. მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. სანამ მინისტრი გავხდებოდი, დაახლოებით 7 წელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიყავი, ასევე ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სადაც რეფორმების პროგრამები, ახალი საკანონმდებლო ბაზა იქმნებოდა და იგეგმებოდა. კარგად ვიცი ყველა ის დეტალი, რაზეც ზურაბ აზარაშვილმა გაამახვილა ყურადღება. სამწუხაროდ, მან ხაზი გადაუსვა ყველაფერს. თითქოს ბოლო ორ წელიწადში მან მოაგვარა ან ხანგრძლივვადიან პერიოდში დაგეგმა. დიახ, პრობლემები და გამოწვევები არის და იქნება, მედიცინა სწრაფი ტემპით ვითარდება და სახელმწიფომ და ჩვენ, სამედიცინო საზოგადოებამ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ არ ჩამოვრჩეთ განვითარებას. ამას კი მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება მმართველობის ყველა დონეზე, სამედიცინო და მთლიანად საქართველოს საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგი და არა ბნელ ოთახებში კატების ძებნა.” - განაცხადა გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან”.
0
0