
ისრაელის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს „საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. როგორც ცნობილია, ისრაელის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც მის [ნეთანიაჰუს] სასამართლო რეფორმებს ეწინააღმდეგება.
„ნეთანიაჰუს თავისი გეგმების შეწყვეტის შესახებ დღეს დილით უნდა განეცხადებინა, თუმცა მისი საჯარო გამოსვლა გადაიდო მას შემდეგ, რაც კოალიციის მოკავშირემ პრემიერს მოუწოდა, რომ უკან არ დაეხია,“ - იუწყება Channel 12 TV-ი.
თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ იოავ გალანტმა „ტვიტერზე“ დაწერა : „ისრაელის უსაფრთხოება ყოველთვის იყო და იქნება ჩემი ცხოვრების მისია“.
„მივმართავ პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, კომპანიებს და კოალიციის წევრებს: რთული და მტკივნეული პროცესები მიმდინარეობს. მთელი ქვეყანა ღრმად არის შეშფოთებული. ქვეყნის უსაფრთხოებას, ეკონომიკას, საზოგადოებას - ყველაფერს საფრთხე ემუქრება. ებრაელი ხალხისა და, საერთოდ, მთელი მსოფლიოს თვალი შენზეა მოპყრობილი. ისრაელელების ერთიანობისთვის, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი.
მივმართავ ქნესეთის ყველა ფრაქციის ხელმძღვანელს, კოალიციასა და ოპოზიციას, დააყენონ ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესები ყველაფერზე მაღლა, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გაბედულად, შემდგომი შეფერხების გარეშე.
ახლავე გონს მოეგეთ! ეს არა პოლიტიკური, არამედ ლიდერის პასუხისმგებლობის საკითხია,“ - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა.
კრიტიკოსების შეფასებით, ნეთანიაჰუს ინტერესთა კონფლიქტი აქვს კორუფციასთან დაკავშირებით მისი სასამართლო პროცესის გამო. მას თაღლითობის, ნდობის ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ბრალდებები წაუყენეს. ნეთანიაჰუ აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს, ასევე არ ადასტურებს, რომ მან იურიდიული ცვლილებები სასამართლო პროცესისგან თავის დაღწევის მიზნით შეიმუშავა.
26 მარტს, ღამით ათიათასობით მომიტინგემ თელ-ავივის მთავარი გზატკეცილი გადაკეტა და იერუსალიმში, ნეთანიაჰუს სახლთან, პოლიციის მიერ აღმართული პიკეტები გაარღვიეს. საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე ბერშებასა და ჰაიფაში, მანამდე კი ისრაელის უმსხვილესი პროფკავშირის Histadrut-ის ხელმძღვანელმა არნონ ბარ-დევიდმა საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა. არნონ ბარ-დევიდის თქმით, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისრაელი "უფსკრულს" აარიდოს.
როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადა: ”ჩვენ კვლავ მტკიცედ მოვუწოდებთ ისრაელის ლიდერებს, მოძებნონ კომპრომისზე, რაც შეიძლება მალე. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის საუკეთესო გზა ისრაელისთვის და მისი ყველა მოქალაქისთვის.“
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა (ჯო ბაიდენმა) პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან ისაუბრა.
„დემოკრატიული ღირებულებები ყოველთვის იყო და დარჩება აშშ-ისრაელის ურთიერთობის დამახასიათებელი ნიშანი. დემოკრატიული საზოგადოება ძლიერდება კონტროლითა და ბალანსით. დემოკრატიულ სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს ხალხის მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერის საფუძველზე,“ - აღნიშნა ბაიდენმა.
0
0