
გვარამია-მელიას პარტია "ახალი" ხაზარაძე-ჯაფარიძის "ლელოსთან" ვერ შეთანხმდა. "ახალშიც" და "ლელოშიც" განმარტავენ, რომ მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებთან კვლავ გრძელდება.
როგორც "ლელოში" ამბობენ, მათთვის მთავარ ამოცანად ისევ ორპოლუსიანობის დასრულება და ალტერნატიული პლატფორმის შექმნა რჩება.
"ლელო" არის მოწადინებული, ამ ქვეყანაში დასრულდეს ორპოლუსიანობა და, მეორეს მხრივ, არასდროს დავუშვათ წარსულის დაბრუნება - ეს არის ის ორი ამოცანა, რაც ჩვენ გვაქვს წინასაარჩევნოდ და მუდამ. ჩვენ ამისთვის დავფუძნდით, ამისთვის ვაგრძელებთ არსებობას. ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ შევქმნათ შუა, ალტერნატიული, ჯანსაღი, კომპეტენტური პლატფორმა. მოლაპარაკებები გრძელდება ფართო პოლიტიკურ სპექტრთან და საზოგადოება ნახავს, ვისთან მოხდება შესაბამისი შემთხვევა," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.
"ახალში" კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური გაერთიანებები კიდევ უფრო უნდა გამსხვილდეს, რათა ოპოზიციამ არჩევნებზე მოპოვებული ხმების დაცვა შეძლოს.
"არ დასრულებულა მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენ კიდევ იმ აზრზე ვართ, რომ უნდა მოხდეს კიდევ უფრო გამსხვილება და გაერთიანება. ეს გაერთიანებები ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჯერ ერთი, ნაკლები ხმა დაიკარგება და მეორე - ბევრად უფრო კოორდინირებულად შევძლებთ ხმების დაცვას," - აცხადებს პარტია "ახალის" წევრი ალექსანდრე წერეთელი.
0
0