20/05/2024
12:30
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას გამოწვევებს არ შეუქმნის.
როგორც უწყებამ „ინტერპრესნიუსის“ მიერ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, შესწავლის შედეგად, არ გამოკვეთილა ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის ფუნქციონირების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლებების ხელისშემშლელი გარემოება.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი შესაბამისი კომპეტენტური ჯგუფების მონაწილეობით, შიდაუწყებრივ დონეზე იქნა შესწავლილი.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირველი დღიდან ჩართულია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებულ განხილვებში. შესაბამისი კომპეტენტური ჯგუფების მონაწილეობით, საკითხი შესწავლილ იქნა შიდაუწყებრივ დონეზე, რის შედეგადაც არ გამოკვეთილა ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის ფუნქციონირების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლებების ხელისშემშლელი გარემოება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის საკითხი განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.
„არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გათვლებით ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი“,- განაცხადა პრემიერმა 8 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამხედროს ექსპერტების ნაწილი სამხედრო პოლიგონისა და სამოქალაქო აეროპორტის ერთ სივრცეში არსებობას შეუთავსებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საფრთხე შეექმნება, როგორც სამხედრო წვრთნებს, ასევე ობიექტის საიდუმლო დანიშნულებას. რიგი სამხედრო ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ვაზიანში არსებული, ნატოს ეგიდით გახსნილი სამხედრო ბაზის დახურვა ან სხვა ტერიტორიაზე გადატანა გახდეს საჭირო.
0
0