
ავსტრიის მემარჯვენე-პოპულისტური „თავისუფლების პარტიის“ (FPÖ) ლიდერი, ჰერბერტ კიკლი ინიციატივით გამოდის, რომ უკრაინაში გაიგზავნონ ის მიგრანტები, რომელთა დეპორტაციაც წარმოშობის ქვეყნებში შეუძლებელია. საუბარია, კერძოდ, სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებზე. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ავსტრიულ გამოცემა Heute-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კიკლის თქმით, ევროკავშირმა უკრაინას ასობით მილიარდი ევროს დახმარება გამოუყო, საიდანაც 3.6 მილიარდი ევრო ავსტრიის წილზე მოდის. შესაბამისად, მისი აზრით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინას შეეძლო მიგრანტების მიღება გაწეული ფინანსური მხარდაჭერის ერთგვარი კომპენსაციის სახით.
„რატომ არ უნდა წამოვაყენოთ ევროპულ დონეზე მოთხოვნა, რომ მშვიდობის დამყარების შემდეგ ეს ადამიანები, რომელთა დაბრუნებაც მათი წარმოშობის ქვეყნებში არ შეგვიძლია, სწორედ იქ განთავსდნენ?“ - განაცხადა მან.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მსგავსი სცენარი თავად უკრაინისთვისაც შეიძლება იყოს მომგებიანი, რადგან მიგრანტები ქვეყნის აღდგენის პროცესში ჩაერთვებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანების უკრაინაში გადაყვანა ბევრად მარტივი იქნებოდა, ვიდრე მათი დეპორტაცია შორეულ ქვეყნებში, მაგალითად, რუანდაში.
ამასთანავე, კიკლმა ხაზი გაუსვა, რომ იმ მიგრანტებს, რომლებიც უკრაინაში დარჩენას არ ისურვებენ, სხვა ქვეყანაში გამგზავრების უფლება ექნებათ, თუმცა ავსტრიაში დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ.
ინტერვიუში პოლიტიკოსმა ავსტრიის მოქმედი საიმიგრაციო პოლიტიკაც გააკრიტიკა. მისი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან სირიის მხოლოდ 50 და ავღანეთის 150 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, მაშინ როცა ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნით შესული ახალი განაცხადების რაოდენობამ 2 000-ს მიაღწია.
0
0