
ავსტრიის სამი პოლიტიკური პარტია კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა, რომელშიც ულტრამემარჯვენე „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ არ შევა.
როგორც ავსტრიული მედია იუწყება, კონსერვატიულმა ავსტრიის „სახალხო პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და „ლიბერალურმა პარტიამ“ კოალიცია მეორე მცდელობით შეათანხმეს.
კოალიაცია სამთავრობო პროგრამას პარლამენტში დღეს წარადგენს.
200-გვერდიან დოკუმენტში ხაზგასმულია „კონსენსუსი და პრაგმატიზმი“, რომელსაც შეთანხმება ეფუძნება.
„მაშინ როდესაც სხვები თანამშრომლობაზე ამბობენ უარს და თავს არიდებენ პასუხისმგებლობას, ჩვენ ვაღწევთ შეთანხმებასა და მოქმედების უნარს. საქმე ეხება არა პარტიულ-პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ყველა ჩვენგანს, ავსტრიას, ჩვენი ქვეყნის ცხრა მილიონ ადამიანს“, – ნათქვამია კოალიციურ შეთანხმებაში.
ავსტრიის ახალი მთავრობა გეგმავს თავშესაფრის მაძიებლების მიმართ მიდგომა გაამკაცროს. ოჯახის გაერთიანების საბაბით მიგრანტების მიღება დროებით უნდა შეწყდეს, ასევე იგეგმება არასრულწლოვანებისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვა.
პროგრამა ასევე მოიცავს ფედერალური არმიის განვითარების გეგმას.
როგორც გამოცხადდა, ქვეყნის ბიუჯეტი კონსოლიდირებული იქნება ევროკავშირის ფისკალური წესების შესაბამისად დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.
მედიის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ განაწილდება პორტფელები ახალ მინისტრთა კაბინეტში.
ავსტრიის მთავრობის ფორმირებას არჩევნების შემდეგ 129 დღე დასჭირდა, ახალი მთავრობა ფიცს, სავარაუდოდ 3 მარტს დადებს. მანამდე საჭიროა, პარტიულმა კომიტეტებმა კოალიციური შეთანხმება დაამტკიცონ.
0
0