
ავსტრალიის უკაცრიელ ზონაში, აბორიგენებმა იშვიათი სახეობის ბრმა, ჭარბბეწვიანი ჩანთოსანი თხუნელა აღმოაჩინეს. ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ მხარეში ბინადრობს და იმდენად მიუწვდომელია, რომ ხელისუფლებას მისი პოპულაციის რიცხოვნობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ხელისგულის ზომის არსებებს აბრეშუმისებრი ოქროსფერი ბეწვის საფარი, მსუქანი კუდი და ფარფლის მსგავსი კიდურები აქვს. თხუნელას თვალები განვითარებული არ აქვს.
აბორიგენებმა თხუნელა მუშაობისას იპოვეს დიდ ქვიშიან უდაბნოში, რომელიც დასავლეთ ავსტრალიის ქალაქ პერტიდან დაახლოებით 1500 კილომეტრშია.
„ჩანთოსანი თხუნელები, ჩვეულებრივ, ყოველ ათწლეულში, მხოლოდ რამდენიმეჯერ ფიქსირდება. თხუნელების ეს სახეობა იმდენად იშვიათია, რომ მათი არსებობა ადამიანების უმეტესობისთვის საიდუმლოდ რჩება. თავდაპირველად, აბორიგენებს ის ზღვის გოჭი ეგონათ. ეს ცხოველები უდაბნოს ქვიშის დიუნებში ცხოვრობენ და ძალიან ცოტა დროს ატარებენ ზედაპირზე. ამიტომ სოროების გასაკეთებლად მათ თხრილებისა და არხების გაყვანის ტექნიკა აქვს გამომუშავებული.
ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ უდაბნოში სიცოცხლის ნიშანწყალი იშვიათად იგრძნობა, თუმცა ის სავსეა უნიკალური ცხოველებით. ბევრ მათგანს უცნაური უნარები გამოუმუშავდა, რომლებიც მათ მძიმე გარემოსთან გამკლავებაში ეხმარება. ამ ცხოველთაგან ბევრი არ არის გამოკვლეული და შემდგომი შესწავლა აუცილებელია კლიმატის ცვლილების პირობებში მათი კონსერვაციის უზრუნველსაყოფად,“ - განუცხადა BBC-ს უდაბნოს ველური ბუნების ექსპერტმა გარეტ კატმა.
0
0