
ავსტრალიაში გაუქმდა წესები, რომლებიც ყველა სექსუალურად აქტიური ჰომოსექსუალი და ბისექსუალი მამაკაცისთვის სისხლისა და პლაზმის დონაციას ფაქტობრივად კრძალავდა. წესები, რომლებიც, თავდაპირველად, აივ ინფექციის მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისგან სისხლის დონაციის რისკის შესამცირებლად დაინერგა, მომდევნო თვიდან გაუქმდება. მანამდე, მსგავსი ნაბიჯები დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში განხორციელდა.
თუმცა, სისხლის დონაციის ეროვნული სერვისის Lifeblood-ის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ყველა სექსუალურად აქტიური პირისთვის პლაზმის დონაციაზე არსებულ ყველა შეზღუდვას გააუქმებს. ახალი წესები დამტკიცებულია ქვეყნის ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებლის მიერ. სავარაუდოდ, დონაციის ფონდი 625 000 ადამიანით გაიზრდება. ახალი წესების თანახმად, აივ ინფექციის პრევენციის პრეპარატ PrEP-ის მიმღებ ადამიანებს ასევე შეეძლებათ პლაზმის დონაცია, თუმცა მათ კვლავ აეკრძალებათ სისხლის დონაცია. ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეუძლია პლაზმის დონაცია, არიან აივ ინფიცირებულები და აივ ინფიცირებული პარტნიორები.
„ამ დაგვიანებული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, ავსტრალიელების სიცოცხლე გადარჩება“, - განაცხადა ლგბტ უფლებების დამცველმა აქტივისტმა როდნი კრუმმა.
Lifeblood-ის მთავარმა ექიმმა, ჯო პინკმა, ცვლილებებს მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა.
„სისხლის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ყოველთვის იქნება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დონაციის ამჟამინდელი წესები ძალიან რთული იყო LGBTQIA+ თემის მრავალი ადამიანისთვის...“, - თქვა პინკმა.
ავსტრალიაში პლაზმის დონაციის წესები 14 ივლისს ამოქმედდება, ხოლო სისხლის დონაციის განახლებული მიდგომა 2026 წელს შევა ძალაში.
0
0