05/06/2023
16:49
მსოფლიო
გასული დღეების განმავლობაში ავღანეთის დაწყებითი სკოლების დაახლოებით 80-მდე მდედრობითი სქესის მოსწავლე მოწამვლის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის მასშტაბი 2 სკოლას მოიცავს. ორივე სასწავლო ცენტრი ერთმანეთის მახლობლად მდებარეობს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამბობენ, რომ შემთხვევის უკან ერთი კონკრეტული პირი დგას, რომელსაც რევანშისტული მიზნები ამოძრავებდა. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ გეგმის სისრულეში მოსაყვანად ორგანიზატორმა მესამე პირის დახმარება გამოიყენა.
უცნობია, რა გზით მოწამლეს სკოლის მოსწავლეები და რა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ მათ ჰოსპიტალიზების შემდეგ.
ცნობისთვის, ავღანეთში გოგოებისთვის მხოლოდ 6 კლასის განათლების მიღებაა ნებადართული. დეკემბერში თალიბანმა ავღანეთში ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლა აკრძალა.
უმაღლესი განათლების აკრძალვამდე ორი თვით ადრე, ქვეყნის მასშტაბით ათასობით ქალმა უნივერსიტეტის მისაღები გამოცდა ჩააბარა, ხოლო მათ შეეძლოთ უნივერსიტეტში სწავლა იმ შემთხვევაში, თუ მათი ლექციები და სხვა საკლასო აქტივობები ცალკე შენობაში ჩატარდებოდა.
საგანმანათლებლო სივრცეში გოგოების საეჭვო მოწამვლათა სერია მაჰსა ამინის პროტესტის შემდეგ ირანშიც დაიწყო, შედეგად ასეულობით მოსწავლე დაზარალდა. ირანის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სკოლის მოსწავლე გოგოები შესაძლოა მოწამლულიყვნენ და ამ უკანასკნელში თეირანის მტრებს ადანაშაულებენ.
"[ქალაქ] ყუმში რამდენიმე მოსწავლის მოწამვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ადამიანს სურს ყველა სკოლის, განსაკუთრებით ქალთა სასწავლებლის, დახურვა". - თქვა განათლების მინისტრმა.
ზოგიერთი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ სკოლის მოსწავლე გოგოები შესაძლოა მკაცრი ისლამისტური ჯგუფების სამიზნე აღმოჩნდნენ, რადგან ისინი ქალთა განათლებას ეწინააღმდეგებიან.
0
0