26/12/2023
13:13
მსოფლიო
ავღანეთში მასობრივი საქორწინო ცერემონია გაიმართა, რომელშიც 50 წყვილი მონაწილეობდა. ქვეყანაში ასეთი ცერემონიები გახშირდა, რადგან დაბალშემოსავლიანი წყვილები ტრადიციული ქორწილისთვის საჭირო მაღალი ხარჯების თავიდან აცილებას ცდილობენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პატარძლები ცერემონიაზე მხოლოდ ლანჩის შემდეგ გამოჩნდნენ. ღონისძიება ქაბულში საქველმოქმედო ორგანიზაციამ ჩაატარა, რომელმაც ახალდაქორწინებულები ასევე ხალიჩით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით და სხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყო. სიძე-პატარძლები მწვანე ლენტებით და წითელი პლასტმასის ვარდებით გაფორმებული მანქანებით წაიყვანეს.
18 წლის რუჰულა რეზაიმ სააგენტო France-Presse-ს განუმარტა, რომ მას ამ დახმარების გარეშე ქორწილის გადახდა არ შეეძლო.
„ტრადიციული ქორწილი, მინიმუმ, 200,000-250,000 ავღანამდე [2,800-3,600 დოლარამდე] დაგვიჯდებოდა, მაგრამ ამჯერად ეს ხარჯები 10,000-15,000 ავღანამდე შემცირდა. ჩვენი ორი ოჯახიდან 35 ადამიანი მოვიწვიეთ, სხვაგვარად ეს რიცხვი 300-400-ს მიაღწევდა“, - თქვა რეზაიმ.
საქორწინო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა თალიბანის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს წარმომადგენელი.
მიუხედავად იმისა, რომ ყურანის კითხვა დაშვებულია, საქორწინო ცერემონიაზე ცეკვა და მუსიკა ავღანეთის თალიბმა მმართველებმა ფაქტობრივად აკრძალეს მას შემდეგ, რაც ისინი, 2021 წლის აგვისტოში, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.
0
0