
"ორივე პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთი რეფერირებულია თბილისში, მეორე კი რჩება თელავის საავადმყოფოს რეანაიმაციაში",- განუცხადეს "სივრცეებს" თელავის რეფერალურ საავადმყოფოში.
დღეს გამთენიისას ქალაქ თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ავტომობილი ხეს შეეჯახა.
ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობაც. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლამდე ასაკის ვალერი თათულაშვილი და შოთა ბოჭორიძე, მეზობლები იყვნენ.
„ეს ბიჭები სოფელ კურდღელაურიდან არიან, მეზობლები, როგორც ვიცი. ისეთი საშინელი ავარია იყო, მანქანა ნაკუწებად დაიშალა. რომ გენახათ, არ დაგავიწყდებოდათ ეს კოშმარი. მძღოლი ძლივს ამოიყვანეს მაშველებმა, იქვე გარდაცვლილი იყო. წარმოშობით სოფელ ფშავლიდან არის, ასე გავიგე, მაგრამ კურდღელაურში ცხოვრობენ, მანქანის ხელოსანი იყო. განადგურდა ოჯახები ამ წინასაახალწლოდ“,- ამბობენ თვითმხილველები.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო.
0
0