23/12/2022
23:05
პოლიტიკა
ათონელის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მიზანია ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
როგორც აქციის ორგანიზატორი, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, ამ აქციას ექნება პერმანენტული სახე. მან მოუწოდა მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ და დახმარებისკენ.
“დღეიდან გადავწყვიტეთ პერმანენტული აქციების გამართვა. ამაღამ ჩვენ ვრჩებით აქ. მოვუწოდებთ საზოგადოებას, მოდით, დაგვეხმარეთ, თუნდაც ყავით, ჩაით, ან პლედით… ეს არის ჩვენი პროტესტის ლოკაცია. მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს ერთი ხელის მოსმით შეუძლია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და გადარჩენა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის დასახსნელად”, აცხადებს გიორგი მუმლაძე.
აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი, რომლებსაც ხელში პლაკატები უჭირავთ წარწერით - “არ მოკლა პრეზიდენტი” და ამ პლაკატებზე დატანილია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფოტო. აქციაზე იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები.
0
0