21/07/2023
13:03
საზოგადოება
ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ტაირონ ო’დოჰერტიმ მბრუნავი კოსმოსური ობიექტი, თავდაპირველად, 2018 წლის მარტში დააფიქსირა. უცნობმა სხეულმა ენერგიის გიგანტური აფეთქებები გამოიწვია და საათში სამჯერ ასხივებდა.
მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ ეს ფენომენი შესაძლოა ძლიერი მაგნიტური ველის მქონე დაშლილი ვარსკვლავის ნარჩენი ყოფილიყო. 2022 წლის იანვარში, ო’დოჰერტიმ და ასტრონომთა ჯგუფმა ავსტრალიაში რადიოასტრონომიის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICRAR) კურტინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სხვა მაგალითის ძებნა დაიწყეს.
„ჩვენ გაოგნებულები ვიყავით. მსგავსი ობიექტების ძებნა დავიწყეთ, რათა გაგვერკვია, ეს ცალკეული მოვლენა იყო თუ უბრალოდ „აისბერგის მწვერვალი““, - თქვა ICRAR-ის კურტინის უნივერსიტეტის ლექტორმა დოქტორმა ნატაშა ჰარლი-უოკერმა.
დასავლეთ ავსტრალიაში, ჯგუფი ცას რადიკალურად ახალი ტიპის რადიოტელესკოპით - Murchison Widefield Array-ით - 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე აკვირდებოდა. მეცნიერებმა უცხო ობიექტი დედამიწიდან 15000 სინათლის წლის მანძილზე, Scutum-ის [ფარის] თანავარსკვლავედში აღმოაჩინეს. ობიექტი, სახელწოდებით GPM J1839−10, რადიოტალღებს ყოველ 22 წუთში ავრცელებდა. აფეთქებები ხუთ წუთამდე გაგრძელდა. ასტრონომები თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს მაგნიტარი [უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპი, რომელიც მეტწილად რენტგენულ და გამა-გამოსხივებას გამოყოფს] ან უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველების მქონე იშვიათი ტიპის ვარსკვლავი, რომელიც ფეთქებადია. თუ ობიექტი მაგნიტარია, ის ეწინააღმდეგება აღნიშნულ დახასიათებას, რადგან ყველა ცნობილი მაგნიტარი ენერგიას წამებში ან მაქსიმუმ რამდენიმე წუთში გამოყოფს.
„ეს გასაოცარი ობიექტი ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს თვალსაზრისს ნეიტრონული ვარსკვლავებისა და მაგნიტარების შესახებ, რომლებიც სამყაროს ყველაზე ეგზოტიკური და ექსტრემალური ობიექტებია“, - თქვა ახალი კვლევის თანაავტორმა ჰარლი უოკერმა.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენა კითხვებს ბადებს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნება და ვითარდება მაგნიტარები, ის ასევე შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვა იდუმალ კოსმიურ მოვლენებთან, როგორიცაა სწრაფი რადიოაფეთქებები. მეცნიერთა გუნდი სამომავლოდ კიდევ გეგმავს GPM J1839−10-ზე დაკვირვებას და, ასევე მსგავსი ციური სხეულების ძებნას, რათა დადგინდეს, ისინი უბრალოდ უჩვეულო მაგნიტარებია თუ სხვა მოვლენაა.
0
0