18/01/2025
18:56
მსოფლიო
სოციალურმა ქსელმა TikTok-მა გაფრთხილება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აპლიკაცია კვირას, 19 იანვარს, სრულად გაითიშება ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია Apple-ისა და Google-ის მსგავს კომპანიებს გარანტიებს არ მისცემს, რომ აკრძალვის ძალაში შესვლის შემდეგ, მათ აღსრულების ვალდებულება არ ექნებათ.
TikTok-მა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ეროვნული მასშტაბით სოციალური ქსელის დაბლოკვის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის მფლობელი ჩინური ByteDance-ი TikTok-ს ამერიკელ მფლობელზე არ გაყიდის, აპლიკაცია 20 იანვრიდან აიკრძალება.
უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი გადაწყვეტილების თანახმად, Apple-ს, Google-ს, Oracle-სა და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს მაღალი ჯარიმების გადახდა მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვის ამოქმედების შემდეგ TikTok-ს მომსახურებას გაუწევენ.
TikTok-ისა და აშშ-ში მისი 170 მილიონი მომხმარებლის ბედი ამჟამად დონალდ ტრამპის ხელშია, რომელმაც, კაბინეტში დაბრუნების შემდეგ, სოციალური ქსელის გადარჩენის პირობა დადო, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვის ინიციატორი 2020 წელს თავად იყო.
"TikTok-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არც თუ ისე შორეულ მომავალში მივიღებ, მაგრამ მჭირდება დრო, რომ სიტუაციას გადავხედო. თვალყური ადევნეთ მოვლენებს",- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩუ 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციაზეა მიწვეული. არჩეული პრეზიდენტის ინფორმაციითვე, მასა და ჩუს შორის სატელეფონო ზარი უკვე შედგა.
0
0