
აშშ-ში, ტორნადოსა და ქარიშხალის გამო, შვიდი შტატის 300 000-მდე მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ აშშ-ში, შტორმმა, სულ მცირე, 23 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი, იმსხვერპლა.
ძლიერმა ქარმა შენობები დაანგრია, დააზიანა ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, დამანგრეველი ქარი, სეტყვა და წყალდიდობა კვლავ მოსალოდნელია, ძირითადად, ალაბამადან ნიუ-იორკამდე ტერიტორიაზე, ასევე პენსილვანიაში, ტეხასში, ნიუ ჯერსსა და მერილენდში.
სინოპტიკოსების განცხადებით, აშშ-ის სამხრეთის ნაწილებში, რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ასევე სინოპტიკოსები, 2024 წლის ზაფხულში, ატლანტიკური ქარიშხლების "უჩვეულო" სეზონს ელიან.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქარიშხლით დაზარალებულ შტატების გუბერნატორებს შეხვდა და მათ შესაბამისი დახმარება აღუთქვა.
0
0