აშშ-ის ხელისუფლებამ შემოიღო შემაკავებელი ზომები დაახლოებით 400 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინა იტყობინება.
„რუსეთის წინააღმდეგ ადრე დაწესებული სანქციების გაფართოებით უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, აშშ-ის ხაზინამ და სახელმწიფო დეპარტამენტებმა დღეს შემოიღეს ზომები დაახლოებით 400 ფიზიკური პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც არიან როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის აზიაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საუბარია ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც „რუსეთს საომარი მოქმედებების გაგრძელებასა და სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან“.
„სანქციები მიმართულია მრავალ ტრანსნაციონალურ ქსელზე, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთისთვის საბრძოლო მასალისა და სამხედრო საქონლის მიწოდებაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ზომები გავლენას მოახდენს რუსეთის ფედერაციაში გარკვეული ტიპის ელექტრონიკის და აღჭურვილობის მიწოდების ორგანიზატორებზე.
„ასევე, დღევანდელი სანქციები მიზნად ისახავს კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთის მომავალი შემოსავალი ლითონებიდან და წიაღისეულიდან“, - წერს ფინანსთა სამინისტრო.
სანქციები გავლენას ახდენს ზოგიერთ რუსულ კომპანიაზე, რომლებიც რუსეთის ფინანსურ სექტორს IT ტექნოლოგიებს აწვდიან.
0
0