
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორ მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძესა და ერდენებალსურენ დამდინს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 14203 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, სანქციები დაუწესდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორ მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძეს საქართველოდან და ერდენებალსურენ დამდინს მონღოლეთიდან.
„ეს პირები პირდაპირ მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ისრაელის თანხმობის გარეშე, ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოძიების, დაპატიმრების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მცდელობებში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც საშიშ პრეცედენტს ქმნის ყველა ერისთვის. ჩვენ არ შევეგუებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს. ჩვენი გზავნილი სასამართლოსადმი ნათელი იყო – შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის მხარეები და შესაბამისად, არ აღიარებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგებით რეაგირებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაჭარბებულ ქმედებებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0