17/01/2025
23:57
მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რვა პირის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ 2024 წლის 8-10 იანვარს გამართულ სერბთა რესპუბლიკის დღის აღნიშვნის ორგანიზებაში და 2025 წლის ღონისძიების დაგეგმვაში, მათ შორის არის ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის ლიდერი მილორად დოდიკი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები, რომლებიც ბოსნია და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია, განიხილება როგორც სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ მილორად დოდიკის სეპარატისტული დღის წესრიგის ნაწილი, რაც ძირს უთხრის 1995 წლის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებას.
აშშ-მა ასევე სანქციები დააწესა ხუთი პირისა და ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მილორად დოდიკის ოჯახის ფინანსურ ქსელთან არიან დაკავშირებული.
აშშ-ს განცხადებით, დოდიკი იყენებდა თავის ოფიციალურ პოზიციას ბოსნიელი ხალხის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დასაგროვებლად იმ კომპანიების მეშვეობით, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ მასთან და მის ოჯახთან.
დოდიკი, რომელსაც ბრალად ედება თავისი პოზიციის პირადი სიმდიდრის დასაგროვებლად გამოყენება, სავარაუდოდ, სანქციების გვერდის ავლისა და საკუთარი ჩართულობის დასაფარად თანამზრახველებს ეყრდნობოდა.”
აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადებით, დეიტონის სამშვიდობო შეთანხმება და ბოსნია და ჰერცეგოვინის კონსტიტუცია წარმოადგენს დემოკრატიულ და მულტიეთნიკურ ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის 2025 წლის 8 იანვრის აღმასრულებელი ბრძანებით, რომელმაც გააფართოვა აშშ-ს სანქციების უფლებამოსილება დასავლეთ ბალკანეთში, აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, „ვინც ცდილობს კანონის უზენაესობის შერყევას და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.“
0
0