12/12/2024
18:16
მსოფლიო
აშშ-მა უკრაინა სავარაუდოდ „ლენდ-ლიზის“ გარეშე დატოვა. უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 2025 წლის ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, სადაც „ლენდ-ლიზის“ გაგრძელების შესახებ ჩანაწერი არ არის.
აღნიშნულის შესახებ ასევე განცხადება გააკეთა აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოკსანა მაკაროვამაც. მისი თქმით, უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ, რომ ეს ჩანაწერი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტში დარჩეს.
ამასთან, მაკაროვამ მიუთითა კანონპროექტის სხვა მუხლები, რომლებიც აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას ეხება. კერძოდ, საუბარია მუხლზე, რომელიც კრძალავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას. ასევე მიუთითა ჩანაწერი, რომლითაც აშშ-მა თვალყური უნდა მიადევნოს კრემლის მიერ ტერორიზმის დაფინანსებას და კიდევ ორი მუხლი, რომელშიც უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებებია მოცემული.
წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული თავდაცვითი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს რეკორდულ ხარჯებს – 895 მილიარდ დოლარს, რაც 2024 წელთან შედარებით, ერთი პროცენტით მეტია. პროექტს მომდევნო კვირაში განიხილავს სენატი, შემდეგ კი მას ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.
ცნობისთვის, „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ბაიდენმა 2022 წლის 9 მაისს მოაწერა ხელი. დოკუმენტი ძალაში შევიდა 2022 წლის ოქტომბერში. ეს კანონი საგრძნობლად ამცირებდა ბიუროკრატიას უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დროს.
0
0