ისტორიაში პირველად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა 34 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. სექტემბერში ის 33 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
როდესაც 2023 წლის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 31,4 ტრლნ დოლარს გადააჭარბა, რაც მანამდე ფინანსთა სამინისტრომ ვალის ზედა ზღვად დააწესა, ამ უწყებამ დეფოლტის საფრთხეზე დაიწყო საუბარი, თუ ვალის ლიმიტი არ გაიზრდება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და „დემოკრატიულმა პარტიამ“ მოუწოდეს კონგრესს, რომ ვალის ზედა ზღვარი ისევ აიწიოს.
მაისში ჯო ბაიდენმა და წარმომადგენელთა პალატის მაშინდელმა სპიკერმა კევინ მაკკარტიმ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ გარიგების მიხედვით, 2025 წლის 2 იანვრიდან ვალის ზედა ზღვრის აწევა იქნება შესაძლებელი. მანამდე კი ლიმიტის აწევა შეჩერდება.
ამჟამად კონგრესი უკრაინისთვის და ისრაელისთვის ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს. შეთანხმება 19 იანვრამდე და 2 თებერვლამდე უნდა იყოს მიღწეული. „რესპუბლიკური პარტია“ პაკეტის მხარდაჭერის სანაცვლოდ აშშ-ის სახელმწიფო საზღვრის დაფინანსების გაძლიერებას მოითხოვს, რათა ქვეყანა უკანონო მიგრანტებისგან იყოს დაცული.
0
0