28/12/2023
12:48
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მექსიკის პრეზიდენტთან ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორთან მოლაპარაკება გამართა მზარდი მიგრაციული კრიზისის შესახებ, რომელიც ორი ქვეყნის საერთო საზღვარზე ქაოსს იწვევს.
როგორც ცნობილია, აშშ-ში მიგრანტების ნაკადის შეჩერების მიზნით, თეთრ სახლზე ზეწოლა იზრდება. გასულ კვირას, ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ საზღვარს, ყოველდღიურად, 10 000-მდე ადამიანი კვეთს.
ლოპეს ობრადორი მზადაა, შეზღუდოს ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ში გადადიან. მექსიკის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა დედაქალაქ მეხიკოში გამართული მოლაპარაკებები, თუმცა სამიტის წინ საუბრისას, ობრადორმა მიგრაციის ძირეული მიზეზების მოსაგვარებლად მეტი ძალისხმევის გაწევა მოითხოვა და დასძინა, რომ ეს შეიძლება საკვანძო საკითხი გახდეს აშშ-ის 2024 წლის არჩევნებში.
”უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. ხალხის განვითარებაში ინვესტიციის ჩადება უფრო ეფექტური და ჰუმანურია. როგორც ყოველთვის, მექსიკა აშშ-ს მიგრანტების ნაკადის დაძლევაში დაეხმარება,“ - განუცხადა ლოპეს ობრადორმა ჟურნალისტებს.
აშშ-ში მექსიკის გავლით (ჰონდურასიდან, ელ სალვადორიდან, ვენესუელიდან, ჰაიტიდან და სხვა ქვეყნებიდან) მიგრანტების რეკორდული რაოდენობა გადადის. გავრცელებული ინფორმაციით, 2022-2023 ფისკალურ წლებში, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე დაკავებულთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა.
0
0