21/03/2023
00:11
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2022 წელს მოიცავს და ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარადგინა. დოკუმენტი მსოფლიოს 198 ქვეყანაში და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობას მიმოიხილავს, მათ შორისაა საქართველო.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა ისეთ ცნობებს, როგორებიცაა წამება ან არაადამიანური მოპყრობა, სასტიკი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა; თვითნებური დაკავება ან დაპატიმრება; სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, ასევე გამოძიებები და სასამართლო დევნა, რომლებიც ფართოდ მიიჩნეოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული; თვითნებური ან უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; გამოხატვისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის ძალადობა და ძალადობის მუქარები ჟურნალისტების წინააღმდეგ; მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი გაერთიანებების თავისუფლებაში არსებითი ჩარევა; გაძევება; ასევე LGBTQI პირების წინააღმდეგ ძალადობის ან ძალადობის მუქარის დანაშაულები.
დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და გაესამართლებინა 2021 წლის ივლისის პრაიდის მარშის წინ ძალადობის ორგანიზატორები, ამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გატაცებისა და გადაცემის საქმეებზე.
ანგარიში ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზეც არის საუბარი. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რჩებოდა ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა და დე ფაქტო ხელისუფლებებს მხარს უჭერდა რუსეთის ძალები. 2008 წლიდან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა ძალაში რჩებოდა, თუმცა რუს მესაზღვრეებს შეზღუდული ჰქონდათ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება.
„ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები ამ რეგიონებში მოიცავდა სანდო ცნობებს უკანონო დაკავებების; გადაადგილების შეზღუდვის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის საკუთრების უფლების ან ბიზნესის რეგისტრაციის, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვების შესახებ. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის მხრივ მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს, დე ფაქტო ხელისუფლება უარს აცხადებდა, 2008 წლის კონფლიქტის შედეგად გაძევებული ეთნიკური ქართველების უმეტესობისთვის სახლებში დაბრუნებაზე. დე ფაქტო ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად სამხრეთ ოსეთში რეგულარულად შესვლის უფლება არ მისცა. რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების „ბორდერიზაცია“ გაგრძელდა, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა გადაადგილება და ადგილობრივი მცხოვრებლები მათი დასახლებებისგან და საარსებო წყაროებისგან გაყო. რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე რეგიონში ჩაიდინეს დარღვევები, რაც დაუსჯელი დარჩა“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც მოიცავს. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყო დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და რომ სახალხო დამცველის არაერთ განცხადებაშია აღნიშნული, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.
რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილება შეუწყდა მარტში იმის მიუხედავად, რომ მას კონსტიტუციით მინიჭებული მანდატით სამწლიანი ვადა ჰქონდა კიდევ დარჩენილი.
„მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტში დააჩქარეს კენჭისყრა 2021 წლის დეკემბერში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, მწვავე საშინაო და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე. პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის საქმეს 2021 წლის ნოემბერში რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ საავადმყოფოში მისი იძულებით გადაყვანის დროს. სახელმწიფო ინსპექტორი აპარატი აცხადებდა ასევე, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემების დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის შესახებ რამდენიმე სადავო ვიდეოს გამოქვეყნებით“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
0
0