
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, შესაძლოა, სწრაფად გაფართოვდეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირანის, იემენელი ჰუსიტებისა და თეირანის მოკავშირე სხვა დაჯგუფებების სამიზნე, შესაძლოა, რეგიონში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები, ასევე კომპანიები და დაწესებულებებიც გახდეს.
„არ გაემგზავროთ ირანში არცერთი მიზეზით. შეერთებული შტატების მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ირანი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვაშინგტონმა გაფრთხილება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში ამერიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა, იემენელმა ჰუსიტებმა კი ერ-რიადის ფინანსურ რაიონში მდებარე შენობას შეუტიეს. საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ასევე მიმართავს, იყვნენ მზად ავიარეისების გაუქმებისა და საჰაერო სივრცის შესაძლო დახურვისთვის. ვაშინგტონი ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ირანის სახმელეთო საზღვრების გადაკვეთისა და მეზობელ ქვეყნებში შესვლის წესები, შესაძლოა, მოკლე დროში შეიცვალოს.
0
0