
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია ჩართული იყო ფარულ ქსელში, რომლის მეშვეობითაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დასანქცირებული, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს Shelbit-ის მფლობელი ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპურია. ამავე ინფორმაციით, კაივანპური მსოფლიოს მასშტაბით მართავდა კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომელიც „არალეგალურ ციფრულ აქტივობებს“ უჭერდა მხარს. კაივანპური ამჟამად დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეა, ამასთან ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობდა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კომპანია Shelbit-ის მეშვეობით, ჯამში, სამ მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ფინანსური ტრანზაქცია განხორციელდა.
„ის მართავს კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომლებიც მხარს უჭერენ უკანონო ციფრული ვალუტის საქმიანობას. კაივანპური საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს Shelbit-ის (Shelbit) მეშვეობით მართავს Shelbit Exchange-ს (Shelbit Exchange). „გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილმა ციფრული ვალუტის კომპანიამ Shelbit Exchange-ის ციფრული ვალუტის მისამართებზე მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გააგზავნა. Shelbit Exchange-ის მისამართებიდან „გუშაგთა კორპუსის“ ციფრული ვალუტის მისამართებზე ასევე ორ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების თანხა გადაირიცხა“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კაივანპური, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც ფლობს კრიპტოკომპანიებს.
0
0