
აშშ-ის ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ, პანამის პორტების საკონტროლო წილს ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პანამის პორტების ოპერატორი ჰონგ-კონგური კონგლომერატი Hutchison Holdings აქციების 90%-ს 19 მილიარდ დოლარად ამერიკულ კომპანია BlackRock-ს გადასცემს.
ჰონგ-კონგელი მილიარდერის, ლი კაშინის Hutchison Holdings ამჟამად მართავს კრისტობალის პორტს პანამის არხის ატლანტიკურ მხარეს და ბალბოას პორტს წყნარი ოკეანის მხარეს. როგორც მედია წერს, 2021 წელს ეს შეთანხმება ავტომატურად გაგრძელდა კიდევ 25 წლის განმავლობაში.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ჩინეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს პანამის არხზე და მიუთითებს შეერთებული შტატების მხრიდან არხის კონტროლის აღდგენის აუცილებლობაზე.
ცნობისთვის, პანამის არხი აშშ-მა მე-20 საუკუნის დასაწყისში ააშენა, 1999 წელს კი ის პანამას გადაეცა.
0
0