
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, პაუელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყების ფორმალურ მიზეზად ვაშინგტონში მდებარე აშშ-ის ეროვნული ბანკის შტაბ-ბინის რეკონსტრუქცია დასახელდა, რაც 2.5 მილიარდი დოლარი დაჯდა.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელს ამ სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში, ამ საკითხზე ანგარიშის წარდგენისას კონგრესის წევრების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ.
გამოძიება კოლუმბიის ოლქის პროკურატურამ დაიწყო, რომელსაც ამჟამად, როგორც მედია წერს, დონლად ტრამპის მოკავშირე ჯანი პირო ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2025 წელს დაინიშნა.
თავად პაუელმა ამ საკითხზე საუბრისა აღნიშნა, რომ „კანონზე მაღლა არავინ დგას“, თუმცა ასევე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა წარმოადგენს „უპრეცედენტო ქმედებებს, რაც უნდა განიხილებოდეს უფრო ფართო კონტექსტში, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან მუქარებისა და ზეწოლის გათვალისწინებით“. პაუელის მოსაზრებით, ეროვნული ბანკის რეკონსტრუქციის საქმე „უბრალო საბაბად არის გამოყენებული“.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მის მიმართ გამოძიების დაწყება დაკავშირებულია საპროცენტო განაკვეთების დაწესებასთან, რაც, პაუელის განმარტებით, „საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და არა პრეზიდენტის პრეფერენციებით“ ხდება.
ცნობისთვის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თანამდებობაზე ჯერომ პაუელი 2017 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპმა წარადგინა. შემდეგ მისი უფლებამოსილება ჯო ბაიდენმა გაახანგრძლივა. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა პაუელის კრიტიკა დაიწყო, რადგან ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაური საპროცენტო განაკვეთების დაწევაზე უარს ამბობდა. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაუელსს ვადა 2026 წლის მაისში ეწურება.
0
0