22/12/2024
14:21
მსოფლიო
აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მხრიდან ეთიკის პრინციპების არაერთი დარღვევა გამოავლინეს, – ამის შესახებ „ვაშინტონ პოსტი“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტის გამოძიებამ, რომელშიც რესპუბლიკელები არ მონაწილეობდნენ, გამოავლინა მოსამართლე კლარენს ტომასის მოგზაურობები თვითმფრინავითა და იახტით, რომლებიც მას არ გაუსაჯაროებია.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ სენატის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები რეგულარულად ვერ ახერხებდნენ ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებას და იღებდნენ ძვირადღირებულ საჩუქრებს, რომელთა დეკლარირებასაც არ ახდენდნენ.
20-თვიანი გამოძიების შემდეგ ანგარიში ასკვნის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კლარენს ტომასმა სასამართლოში მუშაობის სამი ათწლეულის განმავლობაში მილიონობით დოლარის საჩუქრები მიიღო.
„საჩუქრების რაოდენობა, რომლებიც მოსამართლე ტომასმა მიიღო, თანამედროვე ამერიკის ისტორიაში შედარებას არ ექვემდებარება“, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ პირს, ვინც ტომასს საჩუქრები გადასცა, შემდეგ საქმეები ჰქონდა სასამართლოში.
„ვაშინგტონ პოსტის“ მიხედვით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აშშ-ის სასამართლო კონფერენცია, ორგანო რომელიც პასუხისმგებელია მოსამართლეთა სახელმძღვანელო პრინციპების დადგენასა და დარღვევების გამოძიებაზე, ეთიკურ საკითხებს ადეკვატურად ვერ უმკლავდება. მეტიც, განახორციელა ცვლილება, რომელმაც, ანგარიშის თანახმად, დაასუსტა სასამართლოს ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპები.
სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, დიკ დურბინმა განაცხადა, რომ ანგარიში ნათლად აჩვენებს, რომ კონგრესმა უნდა მიიღოს უზენაესი სასამართლოსთვის ისეთი ეთიკის კოდექსი, რომლის აღსრულებაც შესაძლებელი იქნება.
„დღეს, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, უწყებრივი მოთხოვნებით მოპოვებული ინფორმაციის შედეგად, ჩვენ ვიცით, თუ რამდენად არის უზენაესი სასამართლო ჩაფლული საკუთარი ხელით შექმნილი ეთიკურ კრიზისში“, – განაცხადა დურბინმა.
სენატის იურიდიული კომიტეტის რესპუბლიკელი წევრები არ მონაწილეობდნენ გამოძიებაში და ანგარიშზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში უზენაესი სასამართლოს საზოგადოებრივი მხარდაჭერა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა მოსამართლეების საკამათო გადაწყვეტილებების, პოლარიზებული დანიშვნის გარშემო დაპირსიპირებისა და მედია რეპორტაჟების გამო, რომლებმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს სასამართლოს ზოგიერთი წევრის ქცევა.
0
0