
ოჰაიოს შტატში მდებარე პრეისტორიული ნაგებობა, Hopewell Ceremonial Earthworks-ი, აშშ-ის 25-ე ძეგლი გახდა, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. Hopewell Ceremonial Earthworks-ი დაახლოებით 2000 წლის წინ აშენებული რვა მონუმენტური მიწის ნაგებობისგან შედგება.
ადგილობრივი ხალხის მიერ აშენებული თიხის ბორცვების კოლექცია „ძირძველი ტრადიციის ყველაზე თვალსაჩინოდ შემორჩენილი გამოხატულებაა, რომელსაც ამჟამად ჰოუპველის ტომის კულტურის სახელით მოიხსენიებენ“.
„მიწის ზღუდე-კედლები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური [ხეოფსის დიდი პირამიდის ზომის] მიწის ნაგებობებია, რომლებიც არ ასრულებდა საფორტიფიკაციო ან თავდაცვით ფუნქციას.
იუნესკოში გაწევრიანებიდან სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, შეერთებული შტატები 25-ე ძეგლით კვლავ შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რაც ქვეყნის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაზე მიუთითებს“, - თქვა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულეიმ.
ამერიკელმა არქეოლოგებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე 2000 წლის წინანდელი ნაშთები აღმოაჩინეს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებით, ამერიკის ისტორიის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი მთელ მსოფლიოში ცნობილი ხდება.
შეერთებულმა შტატებმა იუნესკო 2019 წელს ოფიციალურად დატოვა. იუნესკოდან გასვლის მიზეზი ორგანიზაციის მიერ ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკა იყო - იუნესკომ სრული წევრობისთვის პალესტინის წინადადება მიიღო და პალესტინის ტერიტორიებზე არსებული ადგილები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ორგანიზაცია ისრაელმაც დატოვა.
1978 წელს შექმნილ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 1000-ზე მეტი „გამორჩეული უნივერსალური ღირებულების“ მქონე ადგილი შევიდა. შესაბამისი ადგილებისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების უფლება მხოლოდ იმ ქვეყნებს აქვთ, რომლებიც ხელს აწერს კონვენციას და ქმნის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტსა და სიას.
მთელი მსოფლიოდან 50 პრეტენდენტია წარდგენილი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოცხადებული სია მოიცავს ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტის ასტრონომიულ ობსერვატორიებს; ეთიოპიის ბეილის მთების ეროვნულ პარკს; საფრანგეთის ქალაქ ნიმის Maison Carrée-ს, სამხრეთ საფრანგეთში მდებარე რომაულ ტაძარს; კამბოჯის ქალაქ კოჰ კერის არქეოლოგიური გათხრების ადგილს, ასევე გორდიონსა და ძველი ფრიგიის დედაქალაქს (თურქეთი).
ნუსხას ასევე დაემატა სამხრეთ კორეაში გაიას სამეფოს მიერ აშენებული გაია თუმული, რომელიც შედგება შვიდი სამარხისაგან; დანიის ვიკინგების ხანის ციხესიმაგრეები და გვატემალას ეროვნული არქეოლოგიური პარკი Tak’alik Ab’aj-ი.
0
0