„შეერთებული შტატები გაეროს ბოიკოტს გამოუცხადებს ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპული ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისისთვის პატივის მიგების გამო,“ - განაცხადა ანონიმურმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.
”ჩვენ არანაირი ფორმით არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. გაერო უნდა დადგეს ირანელი ხალხის გვერდით და არა [ათწლეულების განმავლობაში] მათი მჩაგვრელისთვის პატივის მისაგებად. რაისმა ადამიანის უფლებები უამრავჯერ უხეშად დაარღვია, მათ შორის, ის 1988 წელს ასობით პოლიტპატიმრის სიკვდილით დასჯას აკონტროლებდა. მისი მმართველობის პერიოდში, ასევე უხეშად დაირღვა ქალებისა და გოგონების უფლებები,” - განუცხადა Reuters-ს ამერიკელმა ჩინოვნიკმა ანონიმურობის პრინციპის დაცვით.
როგორც Reuters-ი იუწყება, შეერთებულ შტატებს ბოიკოტი ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუფიქსირებია. გაეროში ირანის დიპლომატიურმა მისიამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
კონგრესის ზოგიერთმა რესპუბლიკელმა წევრმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა ირანისთვის მისამძიმრების გამო.
როგორც ცნობილია, გაეროს გენერალური ასამბლეის 193 წევრი ტრადიციულად იკრიბება, რათა პატივი მიაგოს მსოფლიოს ნებისმიერ ლიდერს, რომელიც, გარდაცვალების დროს, სახელმწიფოს მოქმედ მეთაურად ითვლება. 31 მაისს, გაეროს გენერალური ასამბლეის წევრები ებრაჰიმ რაისის ხსოვნის საპატივცემულოდ სიტყვით გამოვლენ.
0
0