როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიზიარა ჩვენი დამოკიდებულება დავით კეზერაშვილის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ ვიზაზე უარის გაცემის შესახებ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კეზერაშვილი კრიმინალია და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ დადასტურებული დამნაშავე, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში.
,,ის, რომ კრიმინალია, ეს ქართული მართლმსაჯულების მიერ არის დადასტურებული, თუმცა სამწუხაროდ, ეს კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. არ ვიცი, ახლა უკვე ევროკავშირის ჯერია. ხედავენ, რომ როგორც საქართველო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და მგონი, ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. ეს, კიდევ ერთხელ, გვაფიქრებინებს იმაზე, თუ რა გავლენებია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მეშვეობით. ჩვენ ევროპის პარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია გვახსოვს, სადაც დავით კეზერაშვილის სახელი აღმოჩნდა. შემდეგ, ვარკვევთ ხოლმე, როგორ მუშაობენ ლობისტები იმისთვის, რომ ასეთი ჩანაწერები აღმოჩნდეს ამ სახის რეზოლუციებში და პირდაპირ ეჭვი ჩნდება პოლიტიკური კორუფციის,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც "დავით კეზერაშვილის მხრიდან ქართულ პოლიტიკაში უხეშ ჩარევას ამხელს".
"მომპარავ და ფულის გამთეთრებელ დავით კეზერაშვილთან ერთად, ამ შავ ფულთან ერთად, ევროკავშირის ფულიც ერთ ყულაბაში ექცევა. ვფიქრობ, რომ ამაზე ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთოს, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა სისტემები აქვთ ისეთი, რომ ყურადღებას ვერ აქცევენ, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფული, ევროკომისიის მიერ ამ ორგანიზაციისთვის გადაცემული ფული შავ ფულთან ერთად ერთ სალაროში ტრიალებს და საქართველოში რადიკალურ დღის წესრიგს ხმარდება. დავით კეზერაშვილის ფულის კრიმინალური წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ დასტურდება” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0