აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პირობა დადეს, რომ ორი ქვეყანა, ჩინეთისგან მომავალ პოტენციური საფრთხის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებს. როგორც ცნობილია, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ფუმიო კიშიდამ და ბაიდენმა გეგმები გააჟღერეს, რომლებიც ეხება ავსტრალიის ჩართულობით საჰაერო თავდაცვის გაფართოებულ ქსელს.
ასევე ბაიდენის თქმით, NASA-ს Artemis-ის პროგრამას, პირველად, იაპონელი ასტრონავტი შეუერთდება.
„აშშ და იაპონია უახლოესი მეგობრები გახდნენ. ჩვენი გარიგებები წარმოადგენს აშშ-იაპონიის ალიანსის დაარსების დღიდან მის ყველაზე მნიშვნელოვან განახლებას,“ - თქვა ბაიდენმა.
ორსაათიანი მოლაპარაკებების განმავლობაში, ორმა ლიდერმა, ძირითადად, ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თავდაცვის სფეროს საკითხებზე, ასევე უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე კონფლიქტებზე გაამახვილა.
„დისკუსიები განსაკუთრებით ფოკუსირებული იყო ჩრდილოეთ კორეაზე, ტაივანსა და ჩინეთზე. მხარეებს მოვუწოდებ, რომ შეინარჩუნონ საერთაშორისო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე. სტატუს კვოს ძალისმიერი ან იძულებით შეცვლის ცალმხრივი მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს. რაც შეეხება უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას... დღევანდელი უკრაინა შეიძლება ხვალ აღმოსავლეთ აზიის ნაწილი გახდეს,“ - თქვა კიშიდამ.
შეთანხმების ფარგლებში, თავის მხრივ, ბაიდენმა თქვა, რომ აშშ-ის სამხედროები იაპონელ კოლეგებთან ერთად სამეთაურო სტრუქტურას შექმნიან. როგორც BBC-ი წერს, ორი მოკავშირე ავსტრალიასთან ერთად, რეგიონში ერთობლივ საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ქსელს განავითარებს, ასევე დიდი ბრიტანეთის ძალებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამმხრივ სამხედრო წვრთნებში.
„მიუხედავად იმისა, რომ აშშ და იაპონია ჩინეთისგან მომავალ გამოწვევებზე საპასუხო ზომების მიღებას გააგრძელებს, ვადასტურებთ ჩინეთთან ჩვენი დიალოგის გაგრძელების მზაობასაც,“ - თქვა კიშიდამ.
0
0