03/05/2023
15:41
საზოგადოება
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ხელისუფლება არ გეგმავს ისეთი კანონპროექტის მიღებას, რომელიც "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვას შეეხება. მდინარაძემ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას განცხადება შეაფასა. ინჯიამ 2 მაისს პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს კანონპროექტების პაკეტის ინიციირებას, რაც, მათ შორის, "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვას გულისხმობს.
როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ასეთი კანონპროექტის მიღება სამი მიზეზით არ არის საინტერესო მმართველი გუნდისთვის. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ „შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი“.
„ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება და ამას აქვს თავისი არგუმენტები: პირველი, სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება. მეორე, არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომელიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს. მესამე, მე პირადად და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს. მერე შეიძლება ვიღაც მართალი აღმოჩნდეს ან არა.
პროპაგანდის თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ, არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა სჯობს დაუპირისპირდეს. სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის მისაღები. მესამე, შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი და ამიტომ, ჩვენთან ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“, - განაცხადა მდინარაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ნიშნავს "ლგბტ პროპაგანდა", რაზეც დეპუტატმა თქვა, რომ ამაზე შეუძლია სემინარის ჩატარება, ვინაიდან მოკლე კომენტარში ამ საკითხის განმარტება შეუძლებელია.
მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს.
0
0