
"ამ კონფლიქტში ირანის ჩართულობა ისედაც ჩანს, რადგან სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ "ჰამასი" ირანის მითითებებით მოქმედებდა. პარადოქსია - "ჰამასი" არის სუიტური ორგანიზაცია, ირანი შიიტური ქვეყანაა, მაგრამ თანამშრომლობის ფორმატი მაინც ჰქონდათ" - ისრაელში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გამოეხმაურა.
“კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, კონფლიქტოლოგი რეგიონში არსებულ ვითარებასა და გეოპოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.
"რაც ახლა მოხდა ისრაელში, ეს არის გეოპოლიტიკური "ჯახის" პროდუქტი. რუსეთს დასავლეთი უკრაინაში უქმნის დისკომფორტს, რუსეთი კი ცდილობს, დასავლეთს ყველგან შეუქმნას დისკომფორტი, სადაც მას ხელი მიუწვდება. ეს ძალიან მარტივი ფორმულაა. "ჰამასის" ოპერაციის დაწყებამდე, რამდენიმე ხნით ადრე, შედგა შეხვედრა რუსეთის, სირიის, "ჰესბოლასა" და იმ შიიტურ ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის, რომელიც ახლა ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან უტევს. შეხვედრიდან ძალიან უცნაურმა ინფორმაციამ გამოჟონა - რუსეთი "ჰესბოლას" საარტილერიო ჭურვებს სთხოვდა. ეს ჭურვები დასაწყობებული აქვს "ჰესბოლას" თავის ბაზებზე და ვითომ ეს სჭირდებოდა რუსეთს. მიკვირს, ისეთი რა გაუჭირდა რუსეთს, რომ ჭურვებს "ჰესბოლას" სთხოვდა - პირდაპირ ირანს რატომ არ სთხოვდა?!
მე მაინც მგონია, რომ სხვა ტიპის, სხვა შინაარსის შეხვედრა იყო და ეს დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რომელიც "ჰამასსა" და ისრაელს შორის განვითარდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, იქ სამმაგი, ოთხმაგი თამაში მიდის და ვიღაცებს სჭირდებოდათ, რომ ეს ამბავი მომხდარიყო და ჰქონოდათ ასეთი მძიმე შედეგი. მე არ გამოვრიცხავ, ეს იყოს რუსეთის ჩატარებული ოპერაცია, რომელიც ნათელი გახდა ისრაელის დაზვერვისთვის და შეიძლება, ისრაელმა თავისი თამაშიც წამოიწყო, რომ ჰქონოდა მიზეზი, "ჰამასი" საბოლოოდ გაენადგურებინა. ეს ვარაუდია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვები ჩნდება. ის, რომ ახლა ვიღაცას სჭირდებოდა კიდევ ერთი დამატებითი ცხელი წერტილი, ესეც ფაქტია", აცხადებს არეშიძე.
მისივე ტქმით, ისრაელის სახელმწიფო არსებობს მხოლოდ თავისი არმიის და სადაზვერვო სტრუქტურების ხარჯზე, რასაც ემატება დასავლეთის ძლიერი დახმარება.
“ისრაელს თუ არ ექნა მუდმივი დაცვის მაღალი სტანდარტი, ის ვერ შეინარჩუნებს თავის სახელმწიფოებრიობას. არსებობს წინასწარმეტყველებაც და ვარაუდებიც, რომ 2025 წლისთვის ისრაელის სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს, იმდენად ძლიერია მასზე ზეწოლა გარშემო მყოფი მტრული სამყაროსგან. მაგრამ დავანებოთ ახლა ამას თავი, რა კითხვაც დამისვით, იმაზე გპასუხობთ - მე არ მჯერა, რომ ეს ამბავი ასე მარტივად მოხდა და გამოეპარა ისრაელისა და განსაკუთრებით - ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვას. ქუჩაში ვერ დამდგარხარ, თანამგზავრიდან გაკონტროლებენ და დავიჯერო, ამხელა ოპერაცია გამოეპარათ? არ მჯერა და რა ვქნა?!” - განაცხადა არეშიძემ.
0
0