23/12/2024
15:26
სამართალი
არსებობს თავად ბექა ჯაიანის ჩანაწერი, სადაც ის ოჯახის წევრს ესაუბრება, თუ როგორ ახორციელებს სისტემატურად ძალადობრივ ქმედებებს კესარია აბრამიძის მიმართ, - ამის შესახებ პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.
როგორც გრიგოლ ნიშნიანიძემ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ბექა ჯაიანს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ედება ბრალი, ასევე, მას ბრალი ედება გენდერული იდენტობისა და შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატური ცემის ნაწილში, რითაც ბრალდებულს ბრალი დაუზუსტდა.
„რაც შეეხება ბრალდებას, გამოძიების ეტაპზე, მას შემდეგ, რაც საქმეზე მოპოვებული იქნა დამატებითი მტკიცებულებები, დადასტურდა ის გარემოება, რომ კესარია აბრამიძის მიმართ სისტემატურ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი, ამით კი ჯაიანს დაუზუსტდა ბრალდება და გენდერული იდენტობისა და შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატური ცემით, ასევე, წარედგინა ბრალდება, გენდერისა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის გარდა.
მოცემულ შემთხვევაში ამ დანაშაულებისთვის სასჯელი გათვალისწინებულია 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მას შემდეგ, რაც მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, დარწმუნებული ვარ, სასამართლო მიიღებს სამართლიან, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით ბრალდების ორივე ეპიზოდში“, - განაცხადა გრიგოლ ნიშნიანიძემ.
პროკურორის თქმით, ბრალდებული ბექა ჯაიანი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს და აღიარებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. რაც შეეხება სისტემატური ძალადობის ნაწილში დაზუსტებულ ბრალდებას, ამ ნაწილში ჯაიანი თავს დამნაშავედ არ თვლის. თუმცა, პროკურორის თქმით, აღნიშნულ ბრალდებას ადასტურებს, არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ თავად კესარია აბრამიძის მობილური ტელეფონი და გამოთხოვილი ინფორმაცია, როგორც ფოტოსურათების, ისე აუდიო-ვიდო-ჩანაწერების სახით.
„ასევე, არსებობს ბრალდებულის ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმები და მათ მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერები, თუ როგორ განმარტავს და თამამად ამბობს ის ოჯახის წევრების წინაშე, რომ კესარია აბრამიძის მიმართ ხანდახან, გარკვეულ პერიოდებში, როდესაც მას გააბრაზებდა, მის მიმართ ახორციელებდა ძალადობრივ ქმედებას. ესეც დამატებითი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ ბრალდების მეორე ნაწილიც დავადასტუროთ სასამართლოში”, - განაცხადა გრიგოლ ნიშნიანიძემ.
პროკურორის თქმით, ჩანაწერებზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა ხმის იდენტობის დადგენის მიზნით და ცალსახად დადასტურდა, რომ ჯაიანი საუბრობს ამ საკითხთან დაკავშირებით.
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ბექა ჯაიანს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0