12/01/2022
13:02
მსოფლიო
არქტიკულ ყინულოვან ზონაში, მათ შორის რუსეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სკანდინავიაში, ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პლანეტის დანარჩენ ნაწილთან შედარებით, კლიმატის ცვლილება არქტიკის დათბობას ორ ან ოთხჯერ უფრო სწრაფად იწვევს.
”მიწა ჩვენს თვალწინ იცვლება,” - განუცხადა ალიასკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა BBC News-ს.
არქტიკის მკვლევარები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურის 70% და კრიტიკული ინფრასტრუქტურის 30-50% (სავარაუდო ღირებულება ათობით მილიარდი დოლარი) 2050 წლისთვის განადგურების მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდება.
„უახლოეს წლებში მოსალოდნელი პლანეტის დათბობის დაჩქარებას, რა თქმა უნდა, თან სდევს თავისი არაპროგნოზირებადი ეფექტები, მათ შორის, კარსტული ღრმულების წარმოქმნა, მიწის დაწევა და წყალდიდობა. როგორც მშენებლობა, ასევე კლიმატის ცვლილება ყინულოვანი საფარის მუდმივ ლღობას იწვევს, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, არსებულ ინფრასტრუქტურასა და სამომავლო სამშენებლო პროექტებს, - თქვა ფინეთის ოულუს უნივერსიტეტის წამყვანმა პროფესორმა, იან ჰიორტმა.
მეცნიერების თქმით, ყინულის დათბობამ დაარღვია შენობების საძირკვლები და დააზიანა მაგისტრალები, საკანალიზაციო მილები. კვლევის თანახმად, რუსეთში, ყინულოვან ზონაზე გაშენებულ ზოგიერთ ქალაქში, შენობების 80% დაზიანებულია. მინიმუმ, 120 000 შენობა, 40 000 კმ-იანი მაგისტრალი და 9 500 კმ-იანი მილსადენები და საჰაერო ხაზები, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მუდმივ ყინულოვან რაიონებში მდებარეობს. არქტიკის ქალაქების უმეტესობა სწორედ რუსეთშია თავმოყრილი და არახელსაყრელი ლანდშაფტი გავლენას ახდენს საკვების უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობაზე და ტრადიციულ ცხოვრების წესზე.
„როდესაც ზედაპირის ტემპერატურა ნულს უახლოვდება, პრობლემების უზარმაზარ ტალღებს ვაწყდებით", - ამბობს გეოლოგი ლუიზ ფარკუჰარსონი.
კვლევაში ნათქვამია, რომ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მუდმივი სიგრილის შენარჩუნების მიზნით სხვადასხვა შენობის სპეციალური დაპროექტება, თუმცა ეს ძვირადღირებული და სარისკოა. ალასკაში ზოგიერთი გზატკეცილი უკვე მოიცავს კონვექციურ ნაპირებს - ფოროვანი ქვები განთავსებულია გზების ზედაპირზე, რაც ხელს უწყობს გაყინული მიწიდან სითბოს გამოდევნას.
გლაციოლოგ პულ კრისტოფერსენის თქმით, „მეცნიერთა უმეტესობა ალბათ შეთანხმდება, რომ გონივრული გამოსავალი სათბურის გაზებზე ჩვენი ნაკლებად დამოკიდებულებაა, რაც, თავის მხრივ, ჩვენი პლანეტის დათბობის დონეს შეამცირებს.“
მეცნიერები, ასევე აანალიზებენ მუდმივად ნოტიო ნიადაგის ხასიათს და აფასებენ გაყინულ მიწაში დათბობისას გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობას.
0
0