არქეოლოგებმა უელსში ადრეული შუასაუკუნეების იშვიათი ტიპის სასაფლაო აღმოაჩინეს. მეცნიერების ვარაუდით, სასაფლაო მე-6 ან მე-7 საუკუნით თარიღდება. მათივე თქმით, ზოგიერთი ჩონჩხი უჩვეულო პოზიციაშია შემონახული. სასაფლაო კარდიფის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
კარდიფის უნივერსიტეტის ოსტეოარქეოლოგის სამერ კორტსის განმარტებით, ჩონჩხები კარგ მდგომარეობაშია შემონახული მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაახლოებით 1500 წლისაა.
,,თავის ქალა გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ეს ადამიანები. ასევე რამდენიმე კბილის ფიზიკური მდგომარეობა მიუთითებს, რომ მათ სამუშაო იარაღად იყენებდნენ. შესაძლოა ამ პერიოდის ადამიანები წინა კბილებით ტექსტილის, ტყავის ან მოწნულ ნაკეთობას იჭერდნენ. ზოგიერთი ჩონჩხი თავსატეხს ქმნის - ისინი სხვადასხვა პოზიციებზე წევს - ზოგი ზურგით, ზოგი კი გვერდულად, ან მოხრილ მდგოარეობაში და მუხლები მკერდამდე აქვს აწეული,“ - თქვა კორტსმა.
საფლავების ირგვლივ აღმოჩენილ ნივთებს შორისაა ჭურჭლისა და ჭიქების ფრაგმენტები და ცხოველის ძვლის ნატეხები, რომლებიც მოკლული და შემდეგ შემწვარია.
,,ახლანდელი სასაფლაოებისგან განსხვავებით, ეს არ არის მხოლოდ მიცვალებულთა მოსათავსებელი ადგილი. ჩვენ სასაფლაოებს ერთგვარ დახურულ სივრცეებად აღვიქვამთ, თუმცა ასევე ჩანს, რომ ამ ადგილს სხვადასხვა სოციალური დანიშნულება ჰქონდა, სადაც საზოგადოება იკრიბებოდა, მათ შორის, ნადიმის გამართვისთვის. ყველაზე დამაბნეველი ფაქტი ის არის, რომ აქ აღმოჩენილი არტეფაქტები ამ ხალხის უჩვეულობაზე მიუთითებს. ძალიან თხელი მინისგან დამზადებული ნაყინის ფორმის კონუსისებრი ჭურჭელი - ეს მართლაც არაჩვეულებრივი აღმოჩენაა. სავარაუდოდ, ეს მასალა საფრანგეთიდან, ბორდოს რეგიონიდან შემოვიდა. ეს არ არის ერთადერთი იმპორტირებული ნივთი, ჩვენ ასევე ვიპოვეთ ჭურჭლის ნატეხები, რომლებიც შესაძლოა ჩრდილოეთ აფრიკიდან იყო შემოტანილი“, - განმარტა ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიის სპეციალისტმა ენდი სიმანმა.
ექსპერტების შეფასებით, ამ აღმოჩენების ხარისხი იმაზე მეტყველებს, რომ აღნიშნული პერიოდის ხალხი მაღალი სტატუსის მქონე იყო - ადამიანებს წვდომა ჰქონდათ უმაღლესი ხარისხის იმპორტირებულ საქონელზე, რომლის მიღებაც მხოლოდ სავაჭრო ან გაცვლითი ქსელების მეშვეობით არის შესაძლებელი.
0
0