21/06/2023
15:14
მსოფლიო
„სამხრეთ მექსიკის ჯუნგლებში, არქეოლოგებმა მაიას ტომის აქამდე უცნობი უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს,’ - განაცხადა მექსიკის ანთროპოლოგიის ინსტიტუტმა და დასძინა, რომ აღმოჩენილი ქალაქი ათასზე მეტი წლის წინ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო.
„ქალაქი მოიცავს პირამიდისებურ დიდ შენობებს, ქვის სვეტებს, სამ მოედანს „შესანიშნავი შენობა-ნაგებობებით“, და სხვადასხვა კონსტრუქციას. ქალაქი Ocomtun - რაც იუკატეკ მაიას ენაზე "ქვის სვეტს" ნიშნავს - ახალი წელთაღრიცხვით 250-1000 წლებში, შესაძლოა, ნახევარკუნძულის ცენტრალური დაბლობის რეგიონისთვის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.
ქალაქი მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე და არქეოლოგებმა ის ჯუნგლების დიდწილად შეუსწავლელი მონაკვეთის ძებნისას აღმოაჩინეს. კვლევა, მარტიდან ივნისამდე, საჰაერო ლაზერული სკანერის (LiDAR) ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩატარდა,“ - განაცხადა მექსიკის ანთროპოლოგიის ინსტიტუტმა.
„Ocomtun-ის ძირითადი ტერიტორია მაღლობზე მდებარეობს, რომელიც გარშემორტყმულია ფართო ჭაობებით და მოიცავს პირამიდის მსგავს რამდენიმე 15 მ-იან კონსტრუქციას,“ - თქვა არქეოლოგმა ივან სპრაიჩმა.
ქალაქში ასევე მოწყობილი უნდა ყოფილიყო ბურთის სათამაშო მოედანი. მაიას ტომის რეგიონში ფართოდ გავრცელებული ბურთით თამაშობის დროს გამოიყენებოდა რეზინის ბურთი, რომელიც წარმოადგენდა მზეს და მოთამაშეებს ის მოედანზე, პატარა ქვის რგოლში, ხელების გამოყენების გარეშე გადაჰქონდათ. ითვლება, რომ თამაშს მნიშვნელოვანი რელიგიური დანიშნულება ჰქონდა.
არქეოლოგ ივან სპრაიჩის თქმით, მდინარე ლა რიგენასთან მდებარე ტერიტორიაზე მისმა გუნდმა ასევე სამსხვერპლო იპოვა, რომელიც შესაძლოა აგებული იყო საზოგადოებრივი რიტუალებისთვის, თუმცა მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო იმ კულტურების წარმომადგენლების შესასწავლად, რომლებიც ოდესღაც იქ ცხოვრობდნენ.
0
0