ვირჯინიაში, არქეოლოგებმა ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის სასახლის, მაუნთ ვერნონის, სარდაფში, ათობით ბოთლი იპოვეს, რომლებშიც ალუბალი და მოცხარი იყო კონსერვირებული. არქეოლოგებმა ბოთლები სასახლის სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
როგორც არქეოლოგმა ჯეისონ ბოროუსმა განაცხადა, 250 წელზე მეტი ხნის წინანდელი შესანიშნავად შემონახული ხილის აღმოჩენა არსებითად უპრეცედენტოა.
ზოგიერთ ბოთლში ნაპოვნია ალუბლის მთლიანი ნაჭრები, სხვა ბოთლებში, სავარაუდოდ, მოცხარი იყო კონსერვირებული. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, მაუნთ ვერნონი ნაყოფზე დნმ-ის ტესტირებას ატარებს. ექსპერტები ასევე ბოთლებიდან ამოღებულ 50-ზე მეტ ალუბლის კურკას იკვლევენ.
„დნმ-ის ტესტის გარდა, ქიმიურმა ტესტირებამ შეიძლება აჩვენოს, გამოიყენებოდა თუ არა კონკრეტული სანელებლები ხილის შესანარჩუნებლად. მაუნთ ვერნონის ჩანაწერების მიხედვით, ჯორჯსა და მართა ვაშინგტონს ალუბალი უყვარდათ, ყოველ შემთხვევაში, კონიაკით შეზავებული მაინც. ცნობილია მართა ვაშინგტონის ალუბლის კოქტეილის რეცეპტიც. ასევე ჯორჯ ვაშინგტონი წერს, რომ მან 1784 წელს ალეგენში მოგზაურობისას ალუბლის კოქტეილიც წაიღო. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ალუბალი კონსერვირებული იყო, უბრალოდ, როგორც ხილად მისართმევად. სრულყოფილად შენარჩუნებული ხილი სამუშაოს შესრულების მაღალ ხარისხზე მიუთითებს. სამზარეულოს მონები მართავდნენ, რომლებსაც ასევე მონა ქალი, სახელად დოლი, ხელმძღვანელობდა. ის მაუნთ ვერნონში 1758 წელს მართა ვაშინგტონთან ერთად, ჩავიდა. სწორედ მონები, რომლებიც ხეებს უვლიდნენ, ხილს კრეფდნენ და სამზარეულოში მუშაობდნენ, გააკონტროლებდნენ ბოთლებში ხილის დაკონსერვების პროცესს. სხვა შემთხვევაში, ხილი უბრალოდ ვერ შენარჩუნდებოდა.
ბოთლები 1775 წელზე ადრინდელია, რადგან სწორედ ამ დროს სასახლის გაფართოება დაიწყო და კონკრეტული ტერიტორია აგურის იატაკით დაიფარა,“ - თქვა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მცენარის გენეტიკოსმა ბენჯამინ გუტიერესმა.
მაუნთ ვერნონის სასახლის $40 მილიონიანი სარესტავრაციო პროექტი 2026 წელს დასრულდება.
0
0